Menu
შპს კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ”პოლუსი” მდებარეობს ვაზისუბნის II მ/რ-ში, ყოფილ საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატ „პოლუსის“ შენობაში. სკოლას აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: ნათელი და თვალასაჩინოებებით გამდიდრებული საკლასო ოთახები, რომლებიც აღჭურვილია ვიდეოთვალით, კაბინეტ-ლაბორატორიებით, მდიდარი და მუდმივად განახლებადი ბიბლიოთეკით, საკონფერენციო და სპორტული დარბაზებით, ორი კომპიუტერული კაბინეტით, ბუფეტითა და ავტონომიური გათბობის სისტემით.
სკოლაში განათლების სამივე საფეხურია: დაწყებითი (I-VI კლ), საბაზო (VII-IX კლ) და საშუალო (X-XII კლ). დაწყებითი საფეხურიდანვე ისწავლება უცხოური ენები. კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდულია (არაუმეტეს 18 მოსწავლისა) და მათი მიღება ხორციელდება გასაუბრება-ტესტირების საფუძველზე.
სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი მასწავლებლებით, ემსახურება ფსიქოლოგი და პედიატრი. ფუნქციონირებს გახანგრძლივებული დღის ჯგუფები.
სკოლაში შექმნილია დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო. მოსწავლეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ სკოლის მანდატურები.
ინოვაციური მეთოდების დანერგვითა და თვითშეფასებით სკოლაში მუდმივად მაღლდება სწავლა-სწავლების ხარისხი. პრიორიტეტულია ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება. დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას. დაინერგა შეფასების ახალი სისტემა, ტარდება სამოდელო და ინტეგრირებული გაკვეთილები; მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ პროექტებში, კონკურსებში, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.
ტრადიციად იქცა: ქველმოქმედება, სკოლებს შორის საგნობრივი ტურების ორგანიზება-ჩატარება, ხელოვნების კვირეულის მოწყობა, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისადმი მიძღვნილი აქციები, შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან.
დამატებით ისწავლება: ჭადრაკი და მეტყველების კულტურა, კომპიუტერული პროგრამები.
მოქმედებს: "ნორჩ ჟურნალისტთა",  "ნორჩ გეოგრაფთა" და თეატრალური წრეები;  ქორეოგრაფიული სტუდიები; სპორტული სექციები - მაგიდის ჩოგბურთის, აღმოსავლური ორთაბრძოლების. 
ყოველწლიურად გამოიცემა სასკოლო პერიოდული გაზეთი "ახალგაზრდა თაობა".
 
 
კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა "პოლუსის" 
მ ი ს ი ა
აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.
ჩაუნერგოს – სიყვარული, კეთილგანწყობა გარშემომყოფთა მიმართ და სურვილი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელშიც უპირატესობა უნდა მიენიჭოს მარადიულ ღირებულებებს : ურთიერთპატივისცემას, თანაგრძნობას, უანგარობას და პატიოსნებას.
მისცეს მოსწავლეებს საფუძვლიანი ცოდნა, განუვითაროს დამოუკიდებელი მუშაობის, ორგანიზებულობის, საკუთარი ძალების რწმენისა და ამასთან განუვითაროს მათ თანამდეროვე სამყაროში ადაპტაციის საჭირო უნარები : კრიტიკულად მიუდგნენ მიღებულ ინფორმაციას, ჩამოუყალიბდეთ დამოუკიდებელი ლოგიკური აზროვნება, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება და გააკეთონ არჩევანი.
მისიის შესასრულებლად და პრობლემათა დასაძლევად სკოლამ შექმნა და ქმნის მართვის, აღზრდის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, შეფასებისა და თვითშეფასების თანამედროვე სისტემებს, შემუშავებულია მისი განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე, სასკოლო პრაქტიკისათვის არსებით კონკრეტულ ქმედებათა გააზრებასა და რეალიზებას, რამაც თვისებრივად უნდა გააუმჯობესოს სასწავლო დაწესებულების მართვის სისტემა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, განათლების ხარისხი, მოსწავლეთა აღზრდის სისტემა, საკადრო პოტენციალი, აამაღლოს სწავლებისა და სწავლის მოტივაცია, წაახალისოს წარმატება ინოვაციური ფიქრი და მოქმედება. 
მისამართი: ქ. თბილისი, ვაზისუბნის მე-2 მ/რ,  “პოლუსი”,
 
ტელეფონი: 2 75-58-02;   2 75-58-08;     2 78-33-53;      2 45-08-26;   278-45-10
 
ელ-ფოსტა:  polusi2003@gmail.com;    info@school.edu.ge